ნიკოლ ფაშინიანი - მსოფლიო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ზუსტ შეფასებას თუ არ მისცემს, ევროპა ვენის საზღვართან თურქეთის ძალებს უნდა ელოდეს
ნიკოლ ფაშინიანი - მსოფლიო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ზუსტ შეფასებას თუ არ მისცემს, ევროპა ვენის საზღვართან თურქეთის ძალებს უნდა ელოდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუ მსოფლიო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ზუსტ შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენის საზღვართან თურქეთის ძალებს უნდა ელოდეს.

ფაშინიანმა ინტერვიუში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტში თურქეთის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მიზნები სამხრეთ კავკასიას სცდება.

„მთიანი ყარაბაღი და სომხეთი დღეს ცივილიზაციის ფრონტზე არიან. თუ მსოფლიო საზოგადოება ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ თურქეთს ვენის მახლობლად უნდა ველოდოთ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა მდებარეობს და რომ რუსეთს და სომხეთს საერთო საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, რომელთა გამოყენებაც სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაც არის გათვალისწინებული.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რუსეთი შეთანხმების საკუთარ ნაწილს შეასრულებს.