ნიკოლ ფაშინიანი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ხვდება
ნიკოლ ფაშინიანი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ხვდება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ხვდება. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

news.am-ის ინფორმაციით, ფაშინიანი ვაჰრამ ბაღდასარიანის კაბინეტში იმყოფება.

როგორც ოპოზიციონერმა ჟურნალისტებს უთხრა, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ კონტაქტი შედგა. რაც შეეხება მმართველ პარტიის წევრებთან შეხვედრას, ფაშინიანი ამბობს, რომ ამ საკითხს სამუშაო ფორმატში განიხილავენ, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.

შეგახსნებთ, რომ სომხეთში დღეს საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა. ოპოზციის მხარდამჭერებმა ერევნის ქუჩები გადაკეტეს. საღამოს მიტინგი რესპუბლიკის მოედანზეა დაგეგმილი.

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები კი პირველ მაისს უნდა გაიმართოს. ნიკოლ ფაშინიანს მხარს სამი ფრაქცია უჭერს, საერთო ჯამში მათ 47 მანდატი აქვს, თუმცა პრემიერად არჩევისთვის მას სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ მმართველ პარტიას პრემიერის კანდიდატი არ ეყოლება.