ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის რესპუბლიკის ხალხი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ თუ მისცემს ხმას, მე გადავდგები, მხარს თუ დაუჭერს, მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აღარ წარვდგები
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მოქალაქეები თუ არ დაუჭერენ მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს, ის თანამდებობას დატოვებს.
ამასთან, ფაშინიანის თქმით, ხალხი კონსტიტუციას მხარს თუ დაუჭერს, მომდევნო არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრობაზე კენჭს აღარ იყრის.
ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მომდევნო არჩევნებამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციასა და სამშვიდობო პროცესის დასრულებაზე იმუშავებს.
„სწორედ ამის ჩაშლას ცდილობს „სამთავიანი ომის პარტია“. სწორედ ეს არის მათი პრობლემა და სწორედ ამისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ უარყოფენ ჩემს წინადადებას, რომელიც სრულიად ნათელია და ნებისმიერი ნორმალური ოპოზიციისთვის უბრალოდ ოცნება იქნებოდა? რას ვთავაზობ ოპოზიციას და რატომ? ვინაიდან ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ახალი კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ინიცირებისთვის ექვსი მანდატი აკლია, ოპოზიციას შემდეგი წინადადებით მივმართე, ახლა კი სრული პასუხისმგებლობით კვლავ ვიმეორებ ამ წინადადებას პირდაპირ ეთერში, თქვენ თვალწინ – ოპოზიციას ვთავაზობ, ხმა მისცეს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანის შესახებ და ჩვენ ჩავატარებთ საკონსტიტუციო რეფერენდუმს. ამრიგად, თქვენ, სომხეთის რესპუბლიკის ხალხსა და მოქალაქეებს მოგეცემათ შესაძლებლობა, რეფერენდუმის შედეგებით განსაზღვროთ ახალი კონსტიტუციის ბედი. ჩემი წინადადების გაგრძელება, რომელიც ოპოზიციას უპრეცედენტო შესაძლებლობებს უქმნის, მდგომარეობს შემდეგში: ხალხი კონსტიტუციის წინააღმდეგ თუ მისცემს ხმას, ახალი კონსტიტუცია თუ არ იქნება მიღებული, მე გადავდგები და დავტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ხოლო ხალხი კონსტიტუციას მხარს თუ დაუჭერს, მომდევნო არჩევნებზე, იქნება ეს მორიგი თუ ვადამდელი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აღარ წარვდგები. მომდევნო არჩევნებამდე პერიოდში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი, მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციასა და სამშვიდობო პროცესის დასრულებაზე ვიმუშავებ, რაც, დარწმუნებული ვარ, მოხდება კიდეც. ამრიგად, სომხეთი მიაღწევს სრულიად ახალ, ისტორიულ ეტაპს, როდესაც აღარ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და სახელმწიფოს, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, მშვიდობასა და დემოკრატიას შორის. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც, სახელმწიფოც და კეთილდღეობაც, თავისუფლებაც და დემოკრატიაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა.
მედიის ცნობთ, პროექტის პრეამბულაში აღარ არის მითითება სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების საკითხს უკავშირდება.