ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს
ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მსგავს მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„რა თქმა უნდა, მე ვეწვევი საქართველოს, რაც შეიძლება მალე. ასევე ვეპატიჟები საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთში. იმედი მაქვს, ასეთ მოწვევას საქართველოდანაც მივიღებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს, ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში უნდა გაღრმავდეს, ამასთან, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს.

„საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.

ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირველი არხის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას „მოამბის“ 21:00 საათიან გამოშვებაში იხილავთ.

დატოვე კომენტარი