ნიკოლ ფაშინიანი - ვფიქრობ, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს [ვიდეო]

სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს.

„საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.

ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ის მიიჩნევს, რომ საქართველომ და სომხეთმა ისეთი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბონ, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, – განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირველი არხის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას „მოამბის“ 21:00 საათიან გამოშვებაში იხილავთ.