ნიკოლ ფაშინიანი - გარე ძალების მიერ გარანტირებული უსაფრთხოება მატყუარაა, თავად ვართ ჩვენივე უსაფრთხოების გარანტები
ნიკოლ ფაშინიანი - გარე ძალების მიერ გარანტირებული უსაფრთხოება მატყუარაა, თავად ვართ ჩვენივე უსაფრთხოების გარანტები

დღეს ჩვენ უფრო სუვერენულები ვართ, ვიდრე ოდესმე, უფრო დამოუკიდებლები, ვიდრე ოდესმე – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სარდარაპატის მემორიალურ კომპლექსში სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი, თავისი 29 743 კვადრატული კილომეტრი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, სომეხი ხალხის მიღწევების გამოხატულებაა და არა – მისი დანაკარგების. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სომეხ ხალხს აღარ სჭირდება სამშობლოს ძებნა.

„სამშობლო სომხეთის რესპუბლიკის, სახელმწიფოს სახითაა. 2020 წლიდან მოყოლებული მძიმე განსაცდელების გადატანის შემდეგ, ჩვენი მოწამეების სიცოცხლის ფასად, ჩვენ მივიღეთ ისტორიული შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენი სუვერენიტეტი და განვახორციელოთ სახელმწიფოებრიობა. ბოლო საუკუნეების ისტორია და ისტორიული სომხეთი მოგვიწოდებს, არ გავიმეოროთ ეს ისტორია და არ გავყვეთ ამ გზას. გარე ძალების მიერ გარანტირებული უსაფრთხოება მატყუარაა. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენივე უსაფრთხოების გარანტები. ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური საშუალებებია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტები, უშუალო მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზება და მეზობლებთან მშვიდობის დამყარება. სომხური სახელმწიფოსა და სომხური იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სსრკ-ის იმპერიული პროპაგანდის შედეგების დაძლევა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.