ნიკოლ ფაშინიანი – გამოვრიცხავ 2013 წლის სცენარის გამეორებას, როდესაც სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოება შეწყვიტა, ამასთან, არ ვცდილობთ რუსეთთან კრიზისის შექმნას
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამორიცხა 2013 წლის სცენარის გამეორების შესაძლებლობა, როდესაც სომხეთმა, რუსეთის ზეწოლის ფონზე, ევროკავშირთან დაახლოება მოულოდნელად შეწყვიტა.
„ნება მომეცით, ვუპასუხო კითხვას, გამოვრიცხავ თუ არა 2013 წლის სიტუაციის განმეორებას, როდესაც სომხეთმა, ერთ ან ორ ღამეში, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესზე და ამის ნაცვლად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ან საბაჟო კავშირისკენ სვლა გადაწყვიტა. ჩემი პასუხი მოკლე და ნათელია: დიახ, მე ამას გამოვრიცხავ.
ეს შეუძლებელია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის მოსახლეობამ მკაფიოდ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკის, განსაკუთრებით მისი დაბალანსებული და დამაბალანსებელი საგარეო პოლიტიკის მიმართ. ამავდროულად, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ არასდროს გვიცდია, არ ვცდილობთ და არც ვეცდებით სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ბუნებრივია, ჩვენ არ უგულებელვყოფთ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს, თუმცა სხვა რომელიმე პარტნიორის ინტერესებს სომხეთის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებთ. მიმაჩნია, რომ ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ლოგიკური მიდგომაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა პირველ ივლისს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბარზე.
„დისკუსიის მასშტაბები ოფიციალურ განცხადებაში აისახა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში უფრო დეტალურ დისკუსიებს გავმართავთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.