ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება არ ეწინააღმდეგება რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე სომხეთის ვალდებულებებს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთთან ურთიერთობებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღებით სომხეთმა რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.
ფაშინიანის თქმით, კანონის მიღებამდე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის მიღების შემდეგ ეს საჭიროება აღარ დგას.
„სიმართლე რომ გითხრათ, კანონის მიღება უკვე ნიშნავდა რეფერენდუმის იდეაზე უარის თქმას. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებამ მოამზადა, მათ სომხეთის მოქალაქეების ხელმოწერები შეაგროვეს და კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაძლებლობის ფარგლებში კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს არ მიიღებდა, ინიციატორებს დამატებით 250 000 ხელმოწერის შეგროვება შეეძლოთ. პარლამენტის მხრიდან განმეორებითი უარის შემთხვევაში კი, ფაშინიანის თქმით, სომხეთში რეფერენდუმის ჩატარება სავალდებულო გახდებოდა.
„ანუ, ამ კანონის მიღებით ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ რეფერენდუმის იდეაზე უარი ვთქვით“, – განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ფაშინიანის თქმით, რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე სომხეთის ვალდებულებებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება არ ეწინააღმდეგება.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა გასულ წელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის არსებულ ვალდებულებებს.
„ძალიან ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება ამ კანონის მიღება ჩვენს ვალდებულებებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ამ კანონის მიღებამდე, ისე მის შემდეგ, გავაანალიზეთ როგორც რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების ხელშეკრულებითი ბაზა, ისე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებული შეთანხმებები და, სიმართლე გითხრათ, ვერ აღმოვაჩინეთ სომხეთის მხრიდან რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე არსებული ვალდებულებების დარღვევა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის სურვილი, ჰქონდეს ალტერნატივები, რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ევრაზიის ეკონომიკური კავშირით, იმის მიუხედავად რომ ბევრი კითხვა არსებობს, რასაც ყოველთვის განვიხილავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნისთვის ალტერნატივის არსებობის შესაძლებლობა ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნევა. ეს პროცესი არ არის მიმართული რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს. ეს ნამდვილად ასეა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ როგორც სომხეთი და რუსეთი, ისე ჩვენ პირადად, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ურთიერთობებს. მინდა, დავადასტურო, რომ პირადად მე და ჩვენი მთავრობა მათ ძალიან ვუფრთხილდებით“ – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებით არის დაინტერესებული.
„მინდა, დავადასტურო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებითა და გაღრმავებით. უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და, ზოგადად, სომხეთის გარშემო ვითარება შეიცვალა”, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, არსებული ვითარება რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალი პერსპექტივიდან შეფასებას მოითხოვს.
„ვფიქრობთ, რომ სიტუაციას ამ კუთხით უნდა შევხედოთ, რადგან რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს კონფლიქტურ ვითარებაში სხვა დატვირთვა ჰქონდა. ახლა, როდესაც რეგიონში მშვიდობა დამყარდა, ვფიქრობთ, რომ სიტუაციას ახლებურად უნდა შევხედოთ. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერევანი მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების მომხრეა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სომხეთისთვის მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ, ფაქტობრივად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვების შესახებ განაცხადის ტოლფასია, რადგან, მისი თქმით, ორივე გაერთიანებაში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საბოლოო არჩევანი სომხეთის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.