ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებს პირდაპირი ორმხრივი კონტაქტების გზით
`შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის~ (SCO) სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას და სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.
აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში, მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტი მესამე ქვეყნებიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება აღინიშნა, როგორც მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოვლინებები.
სახელმწიფოს მეთაურები ასევე მიესალმნენ თავიანთ ბიზნესსაზოგადოებებს შორის კონტაქტებს და გაცვალეს მოსაზრებები ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.
მხარეებმა აღნიშნეს შესაბამისი სახელმწიფო კომისიების მნიშვნელოვანი როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში და ხაზი გაუსვეს მათი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.
სახელმწიფო მეთაურებმა განიხილეს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგის – „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელებასთან დაკავშირებული შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ხაზი გაუსვეს მის ფარგლებში დამაკავშირებელი პროექტების მნიშვნელობას.
ლიდერებმა დადებითად შეაფასეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონტაქტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აღნიშნეს მათი წვლილი ურთიერთნდობის განმტკიცებასა და უფრო ფართო სამშვიდობო დღის წესრიგის მხარდაჭერაში.