ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე
ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომაზე საუბრისას, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში დარჩება.
„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს სიტუაცია დარჩეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. ამ მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ აშშ-ი სომხეთის გვერდით არის ყველა გაგებით.
„სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი ხელისუფლების პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებში და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.
სომხური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები.