ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ მსოფლიოში ბევრი მტერი გვყავს, თუმცა გვყავს მეგობრებიც, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაგვიჭერენ
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ მსოფლიოში ბევრი მტერი გვყავს, თუმცა გვყავს მეგობრებიც, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაგვიჭერენ

სომხეთს მსოფლიოში ბევრი მტერი ჰყავს, თუმცა გვყავს მეგობრებიც, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაგვიჭერენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახეობისამდი მიმართვაში განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა სახალხო ძალების კონსოლიდაცია და დისციპლინა. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ის, ვინც ბრძანებებს არ შეასრულებს, მკაცრად უნდა დაისაჯოს.

„ზემოთ აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად ჩვენ გვჭირდება სახალხო ძალების განსაკუთრებული კონსოლიდაცია და დისციპლინა. საომარი მდგომარეობის პირობებში, მით უმეტეს, საბრძოლო პირობებში უნდა მოქმედებდეს ბრძანების უპირობოდ, განხილვის გარეშე შესრულების ლოგიკა. ის, ვინც არ ასრულებს ბრძანებებს, ის ვინც ბრძანების შესრულებისას ყოყმანობს, მკაცრად უნდა დაისაჯოს, პასუხისმგებლობა დაეკისროს და რაც მთავარია, უნდა მოხდეს მისი საჯაროდ დაგმობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, არცახის თავდაცვის არმიას აქვს საკმარისი იარაღი და პოტენციალი დასახული ამოცანების შესასრულებლად.

„ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, თუმცა არცახის თავდაცვის არმიას აქვს საკმარისი იარაღი და პოტენციალი დასახული ამოცანების შესასრულებლად. დიახ, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ბევრი მტერი, თუმცა გვყავს ასევე მეგობრებიც, რომლებიც მხარს გვიჭერენ და მხარს დაგვიჭერენ რთულ პერიოდში. მადლიერი სომეხი ერი არასდროს დაივიწყებს ასეთ დამოკიდებულებას“, -აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის ლიდერის განცხადებით, „ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეები უკვე აღიარებენ და ღიად აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აგრესორები არიან“, რაც, მისი თქმით, სომხეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია.

დატოვე კომენტარი