ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არასწორ ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებგვერდები ავრცელებენ.

„რატომ ვლაპარაკობდი ამაზე, დღეს სომხეთის რესპუბლიკას ხელყოფენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი არ არის. ჩვენ გვეუბნებიან: დერეფანი. ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე დერეფანს არ გავუშვებთ. ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს საზღვრიდან ჯარისკაცები რეკავენ და ამბობენ, მართალია, რომ ფურცელი გაფორმებულია, ანუ საზღვარს აღარ ვიცავთ? მეუბნებიან, რომ აზერბაიჯანული ვებგვერდები მსგავს სათაურებს ავრცელებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის. ჩვენი სამშობლო სიწმინდეზე მეტია, მასზე მოლაპარაკება არ შეიძლება. თუ მოლაპარაკებების დროს მივალთ ისეთ დოკუმენტამდე, რომელიც არ იქნება ჩვენი ოცნების დოკუმენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ანალიზის შემდეგ მივიჩნევთ, რომ ის უზრუნველყოფს სომხეთს გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით წავალთ. ხალხი იტყვის, რატომ მოაწერეს ხელი ასეთ დოკუმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს სომხეთის მშვიდობა და უსაფრთხოება მომდევნო 100 წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენთვის არ უნდა იყოს მომგებიანი. 2018 წელს მე ვთქვი, რომ გადაწყვეტილებები ყველასთვის მომგებიანი უნდა იყოს, რათა იყოს სიცოცხლისუნარიანი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ვიდეომიმართვამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება“.

„ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის დედაქალაქში აქციები იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან ერევანში, მთავრობისა და პარლამენტის შენობებთან. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ქვეყნის მთავრობას სომხეთისა და არცახის ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებენ.