ნიკოლ ფაშინიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამცველი მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ნიკოლ ფაშინიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამცველი მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამცველი მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ფაშინიანის განცხადებას სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანთან და გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აზერბაიჯანული მხარე სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყველა საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ მუდმივი განცხადებების წრიდან და უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემა. უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებების პროცესი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და აზერბაიჯანმა საბოლოოდ უნდა დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.