ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა სომხეთის საზღვრებიდან უკან უნდა დაიხიონ და ამ მიდგომას საერთაშორისო საზოგადოებაც მხარს უჭერს
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა სომხეთის საზღვრებიდან უკან უნდა დაიხიონ და ამ მიდგომას საერთაშორისო საზოგადოებაც მხარს უჭერს

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკამ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობიან გარემოში უნდა მოაგვაროს ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღნიშნულის შესახებ მან მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიუნიქის პროვინციის ქალაქ სისიანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა სომხეთის საზღვრებიდან უკან უნდა დაიხიონ და ამ მიდგომას საერთაშორისო საზოგადოებაც მხარს უჭერს. დღესდღეობით აქტიურ კონტაქტზე ვართ რუს პარტნიორებთან და ჩვენი ხედვა ასეთია: სასაზღვრო პუნქტების სრული ზოლის გასწვრივ რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგდნენ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების ეგიდით უნდა დაზუსტდეს სასაზღვრო ხაზები სოთქიდან ხოზნავარამდე და მოხდეს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია. მანამდე კი, როგორც უკვე ვთქვი, ორივე მხარის საჯარისო დანაყოფები მუდმივი განლაგების ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ საკითხს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.