ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოში მიმართვას არ გამორიცხავს
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოში მიმართვას არ გამორიცხავს

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანის რესპუბლიკისკენ მიმავალი დერეფნის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოში მიმართვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, აზერბაიჯანის მიზანი იყო სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება და ძალის გამოყენებით, სიუნიქის რაიონიდან ნახიჩევანის რესპუბლიკაში დერეფნის შექმნა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს, ხელი მოაწეროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტს, ვიდრე აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიას არ დატოვებენ.

თავის გამოსვლაში ფაშინიანმა ასევე გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობის ტემპი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ის ელოდება ორგანიზაციის წევრებისგან ცალსახა პოზიციის დაფიქსირებას, რომ „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისიდან დაძაბულია. ერევანში აცხადებენ, რომ ამ დღეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს სიუნიქის და გეღარქუნიკის რაიონში და ამ დრომდე რჩებიან სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

ბაქოში ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული რუკებით, აზერბაიჯანელი სამხედროების სომხეთის ტერიტორიაზე არ გადასულან.

დავის აღმოფხვრის მიზნით, რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სომხეთ-აზერბაიაჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია.