ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ სომხეთის ლიდერმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ სამშვიდობო გზით უნდა გადაიჭრას.

„ეს ჩვენი პოზიციაა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მზად ვარ, ნებისმიერი ძალისხმევისთვის, რათა მივაღწიოთ ამ შედეგს, მათ შორის შევხვდე და ვესაუბრო“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს.

„თუ არ იქნება მეორე მხრიდან მზაობა, ჩვენი ხალხის უფლებების, მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა პრემიერი მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რაიონის აზერბაიჯანისთვის გადასაცემად ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრამდე, ლაჩინის დერეფნის სომხეთის მხარეს შენარჩუნების უფლებით, ფაშინიანმა უპასუხა: „მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება, სტატუსი, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ომის მთავარი ინიციატორი თურქეთია.

„რა თქმა უნდა, მზად ვართ კომპრომისისთვის, საწყისი წერტილი ჩვენთვის მთიანი ყარაბაღის სტატუსია. თუ აზერბაიჯანი დათანხმდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხს, შეიძლება ითქვას, კომპრომისისთვის წინაპირობები არსებობს. ახლა მსოფლიოს საზოგადოებას არავითარი ეჭვი აღარ აქვს, რომ თურქეთი სრულად არის ჩართული საომარ მოქმედებებში და თურქეთი ამ ომის მთავარი ინიციატორია. თურქეთმა დაიქირავა და გადაიყვანა კონფლიქტის ზონაში ტერორისტები და დაქირავებული მებრძოლები სირიიდან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, დაქირავებული მებრძოლების ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაშიც გადაიყვანეს, რაც უკვე მთიანი ყარაბაღის საკითხს სცდება და რეგიონის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ამასთან, როგოგორც ფაშინიანმა აღნიშნა, თურქეთი მოსკოვის შეთანხმების ჩავარდნითაა დაინტერსებული.

„თურქეთის ქმედებები მიმართულია სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.