ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „ანტიქრისტიანული“ ჯგუფისგან გაათავისუფლებს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „ანტიქრისტიანული“ ჯგუფისგან გაათავისუფლებს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ „სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს და ასევე სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების გაკეთებაში ბრალდებულ არქეპისკოპოსებს, ბაგრატ გალსტანიანს და მიქაელ აჯაპაჰიანს, აგრეთვე, ზოგიერთ სხვასაც არაფერი აქვთ საერთო იესო ქრისტეს სწვალებასთან“.
„იესო ქრისტეს სახლი – ეჩმიაძინი დაკავებული აქვს ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს და ის უნდა გათავისუფლდეს. მე ჩავუდეგები ამ მოძრაობას სათავეში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, დიდი ხანია, აკრიტიკებს სომხეთის პატრიარქს, გარეგინ მეორეს და ითხოვს მის გადადგომას. 7 ივლისს სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თუ გარეგინ მეორე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების გაკეთებაში ბრალდებული არქიეპისკოპოსების დაკავება უკანონოა, მაშინ ის „იზიარებს მათ იდეოლოგიას და სომხეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობისა და ქაოსის შექმნის გეგმებს“.