ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება, შეიძლება, ნაწილობრივ გასხვისდეს და შესაძლო ვარიანტებად ყაზახეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ასახელებს

13:13, 13.08.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის რკინიგზის მართვის უფლებასთან დაკავშირებული ვითარების მოსაგვარებლად კომპრომისულ ვარიანტად, შესაძლოა, მართვის უფლების (კონცესია) ნაწილის გაყიდვის სცენარი განიხილონ.

„ჩვენ არ გვინდა რაიმე მწვავე გადაწყვეტილებების მიღება. რა შეიძლება იყოს მეგობრული გადაწყვეტილება: ჩვენ ორმხრივად გავითვალისწინებთ და მივიღებთ ერთმანეთის ინტერესებს და გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ. ადრე ვამბობდი, რომ ერთ-ერთი კომპრომისი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან კონცესიის უფლების გაყიდვა იყოს. თუმცა ეს გაყიდვა შეიძლება იყოს სრული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ნაწილობრივი. შესაძლოა, არსებობდეს წილობრივი მონაწილეობის გარკვეული კონფიგურაცია, სადაც წილების პროცენტული განაწილება ისეთი იქნება, რომ ხელი არ შეეშალოს სომხეთის ისტორიულ შესაძლებლობას, ინტეგრირდეს მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

13 თებერვალს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი რუსულ მხარეს სთავაზობს, სომხეთის რკინიგზის კონცესია მიჰყიდოს რომელიმე სახელმწიფოს, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე სომხეთთან. შესაძლო ვარიანტებად მან ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი დაასახელა. ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა რუსული კონცესია სომხეთისთვის „გარკვეულ კონკურენტულ დანაკარგებს“ ქმნის.

2 აპრილს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესიის მესამე მხარისთვის მიყიდვის არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„რუსეთის რკინიგზასა“ და სომხეთის რესპუბლიკას შორის კონცესიის ხელშეკრულება 2008 წლის 13 თებერვალს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემის მართვა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ გადაეცა.

დოკუმენტის თანახმად, კონცესიის მართვის ვადა 30 წელს შეადგენს. ამასთან, პირველი 20 წლის მუშაობის შემდეგ, მხარეთა ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულების კიდევ 10 წლით გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს.

მსგავსი