ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სიუნიქის ოლქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სიუნიქის ოლქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართავს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, უკვე ორი დღეა, სიუნიქის ოლქში, შავი ტბის მახლობლად ფეთქებადსაშიში სიტუაცია იქმნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სომხეთის სიუნიქისა და გეგარქუნიკის ოლქების ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფება 250-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო, რასაც ფაშინიანი პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.
„ეს არის პროვოკაცია, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს უფრო ფართო სამხედრო-პოლიტიკური მიზნები. მე ვგულისხმობ იმას, რომ მათ გადაკვეთეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი არა ლოკალური პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „საზღვრის კორექტირების“ მიზნით სიუნიქის ოლქის საზღვრისპირა რაიონში „გარკვეული სამუშაოები“ ჩაატარეს.
სომხური მხარის ბრალდებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ სიუნიქი სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონია, სადაც ნახიჩავანის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა გადის, რომლის გახსნასაც აზერბაიჯანი ითხოვს.