ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ, მასთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევის უარის მიუხედავად, გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას მიიღებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ჩვენ წავალთ და გავმართავთ შეხვედრებს გრანადაში. შევეცდებით, უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ალიევთან შეხვედრა არ შედგება, მაგრამ იმედი გვაქვს, იმ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც მაგიდაზე დევს, შესაბამის დროს ხელი მოეწერება. მე მზად ვარ, ამ დოკუმენტზე ხელი მოვაწერო“, – აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარი თქვა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე. მედიის ინფორმაციით, გრანადაში უნდა გამართულიყო ილჰამ ალიევის ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა, ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით.