ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გამოთქმა „ზანგეზურის დერეფანი“ საზოგადოებას აშფოთებს – რატომ გამოიყენება ეს გამოთქმა ხალხის ნერვიულობისთვის?
ჩვენ ხელი მოვაწერეთ და პარაფირებული გვაქვს დოკუმენტები და როდესაც ისმის გამოთქმები, რომლებიც ამ დოკუმენტებში არ არის, მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანი“, გვიჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა? – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის შემთხვევაში, სახელწოდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სომხეთი იღებს, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში – აზერბაიჯანი.
„აშკარაა, რომ ეს გამოთქმა ჩვენს საზოგადოებას აშფოთებს. ახლა ჩნდება კითხვა: რატომ გამოიყენება ეს გამოთქმა ხალხის ნერვიულობისთვის? მე ვამბობ, რომ სომხეთის ტერიტორიის სხვა განმარტება არ შეიძლება, არსებობდეს და ის, რაც ვთქვი, ლეგიტიმურია. ახლა ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ გაზსადენების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების, კაბელების პროექტირება და მშენებლობა. რკინიგზის პროექტირება უნდა დავიწყოთ, ვნახოთ, კიდევ რა ინფრასტრუქტურის გახსნა გვჭირდება. რატომ ვაღვივებთ სიტყვიერ დავას? მოდით, ადგილზე განვახორციელოთ ის, რაზეც შევთანხმდით”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ტერმინ „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების დროს გამოსვლისასაც გააკეთა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნდა ახსნას ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტთან“ მიმართებაში.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ტერმინი არასდროს არსებობდა. მისივე თქმით, სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან.