ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანმა ბაქოს კომუნიკაციების გახსნის შესახებ კონკრეტული წინადადებებით მიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს კომუნიკაციების გახსნის შესახებ კონკრეტული წინადადებებით მიმართა. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციის, „ერევნის დიალოგის“ გახსნისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების ახალ შესაძლებლობას აჩენს.
ფაშინიანის თქმით, ეს ინიციატივა ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის მნიშვნელოვან პრინციპებს.
მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი პროექტია მსოფლიო კრიზისების დაძლევისთვის, რადგანაც, ფაშინიანის მოსაზრებით, როდესაც გაიხსნება გზები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ეს ახალ შესაძლებლობას გააჩენს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხის განხილვა და სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა კონკრეტული წინადადებები აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში მდებარე რაიონებიდან ნახიჩევანში ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ.
ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი ცდილობს შთაბეჭდილების შექმნას, რომ სომხეთი არ არის მზად კომუნიკაციების გახსნისთვის. მისი განმარტებით, ეს ასე არ არის და სომხეთი აზერბაიჯანისგან ელოდება ტრანზიტის შესაძლებლობებას.
„ხანგრძლივი სტაბილური მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მიღწევადია. ჩვენ ვართ ერთგული მშვიდობიანი დღის წესრიგისა და მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები აზერბაიჯანთან, თუ როგორ მივაღწიოთ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ხელმოწერას, რაც ძირეულად შეცვლის რეგიონის ხალხების სიტუაციასა და ბედს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ნახსენები პრინციპების პატივისცემით“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ყველა პროვოკაციის მიუხედავად, ომი არ იქნება.