ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება. როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაური საავტორო სტატიაში წერს.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის კონცენტრირებული იმ თეზისზე, რომ სომხეთი აგრძელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და, შესაბამისად, აზერბაიჯანს თავდაცვის უფლება და პრევენციული ზომების მიღების უფლება აქვს.
„ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი მართლა ფიქრობს, რომ სომხეთის მასზე თავდასხმას აპირებს, ან თავად აზერბაიჯანი აპირებს თავდასხმას და ცდილობს, ამის საფუძვლები შექმნას“, – წერს ფაშინიანი.
ამავე წერილში სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავაც აცხადებს, რომ სომხეთი ერთგულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ალმათის დეკლარაციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ფაშინიანის მტკიცებით, თეზისი იმის შესახებ, რომ სომხეთი აპირებს აზერბაიჯანზე თავდასხმას, გამოგონილია.