ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუს ნეუკირჩს შეხვდა
ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუს ნეუკირჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუს ნეუკირჩს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფიცერს, ტობია ფიორილს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას  შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი სტრატეგიული დოკუმენტის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ფარავს ადამიანის უფლებების ფართო სპექტრს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესსა და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.

ამასთან, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და ისაუბრა იმ ხელშესახები პროგრესის შესახებ, რომელიც რიგი მიმართულებით არსებობს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს.

დასასრულს, კლაუს ნეუკირჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა და ევროპის საბჭოს სახელით დაადასტურა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიულ რეფორმებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ.