ნიკო კახეთელიძე - არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მერიის სტრუქტურა არ არის, ის გამოცდების, კონკურსების და სხვა პროცედურების შემდეგ აძლევს ექსპერტიზის ლიცენზიას კონკრეტულ ბიუროს, მერია აქ ვერ ჩაერევა
ნიკო კახეთელიძე - არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მერიის სტრუქტურა არ არის, ის გამოცდების, კონკურსების და სხვა პროცედურების შემდეგ აძლევს ექსპერტიზის ლიცენზიას კონკრეტულ ბიუროს, მერია აქ ვერ ჩაერევა

კონტექსტი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, აქ მეორე თემაა – „გრინსერვისი“ სამუშაოებს მორჩა, მაგრამ მას ორი წლის განმავლობაში აქვს საგარანტიო ვადა და ის მომდევნო ორი წელიწადი ვერ მოწყდება იმ არეალს. იქ რამე გადაიწვება, გაფუჭდება, თუ რაღაც შესასწორებელია, „გრინსერვისის“ გასაკეთებელია. შეიძლება, ამ რეჟიმში უთხრა, რომ ვთქვათ, ეს გასაკეთებელია, – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად ნორმალურია, როდესაც სამუშაოების დასრულების და პროექტის ჩაბარების შემდეგ, მერიის წარმომადგენელი თავისი სურვილით ითხოვს კონკრეტული დამატებითი სამუშაოს შესრულებას.

როგორც კახეთელიძემ აღნიშნა, დამატებითი ექსპერტიზა იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ მოხდებოდა შეთანხმება.

„შეთანხმება ასე კეთდება, რომ კონკრეტულმა მხარემ, „გრინსერვისის“ ან დამკვეთის, მერიის მხარემ, თუ ის შეამჩნევს რაღაცას, ან დამატებით მოუნდა რაღაცის კეთება, ოფიციალურად უნდა მიწეროს კომპანიას და კომპანია თანხმდება ან არ თანხმდება ამას. შემდგომ დგება შეთანხმება, ოფიციალური დოკუმენტი და ამ შეთანხმების საფუძველზე სამუშაოს ჩატარება. მაშინ უკვე შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტიც, ინსპექტირების დასკვნაც და ა.შ. მე არ ვიცი, მაგრამ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. შესაძლებელია ისიც, რომ სამსახურის უფროსის მოადგილემ უბრალოდ აღნიშნა, რომ ეს კაბელი ცუდად დევს, ცუდად ჩანს და მათ ასე გააკეთეს. არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა, ძალიან რთულია ამის თქმა, ეს გამოძიების საგანია“, – განაცხადა კახეთელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ წერილობითი შეთანხმება არ მოხდა და შეთანხმების საგანი არ გახდა წყლის მილებზე დამატებითი სამუშაო, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ელექტროსადენი დააზიანა, რატომ ჩაიბარა მერიამ დამატებითი სამუშაო შემოწმებისა და ინსპექტირების გარეშე, ნიკო კახეთელიძემ განაცხადა, რომ მერიამ სამუშაო მანამდე ჩაიბარა და დამატებითი სამუშაოს ოფიციალური ჩაბარება არ ჩანს, დანარჩენს კი გამოძიება გაარკვევს.

შეკითხვაზე, „იმ ფაქტმა, რომ „გრინსერვის პლიუსის“ მიერ დაქირავებული საექსპერტო კომპანიის მხრიდან ექსპერტიზის ყალბი დასკვნაც არის გაცემული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დააყენა თუ არა საჭიროება, მერიამ მეტად გააკონტროლოს ექსპერტიზის პროცესი, ანუ თავადაც დაინტერესდეს, ექსპერტიზა რამდენად კეთილსინდისიერად და ხარისხიანად სრულდება“, კახეთელიძემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზა მერიის თემა არ არის და მერია აქ ვერ ჩაერევა.

„არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მერიის სტრუქტურა არ არის, ფედერალური სტრუქტურაა. ეს დეპარტამენტი გამოცდების, კონკურსების და ა.შ პროცედურების შემდეგ აძლევს ლიცენზიას კონკრეტულ ბიუროს და მერია აქ ვერ ჩაერევა“, – განაცხადა კახეთელიძემ.

მისივე თქმით, „ჰგონია, რომ ყველა პირი, ვისაც რაღაც შეხება ჰქონდა ამ საშინელ დღესთან, თავის თავს იცავს და ხანდახან ამბობს ისეთ რამეს, რაც ასე არ არის“.

გადაცემის წამყვანმა ნიკო კახეთელიძეს ე.წ. ტუმბოს, ანუ წყლის მაღალი წნევით ამოფრქვევის სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ჰკითხა, რაც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. შეკითხვაზე, „რამდენად მიზანშეწონილი იყო ტუმბოების გამოცვლა, რადგან როგორც მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, 2014-1015 წლებში დაამონტაჟეს ტუმბო, რომელიც შადრევანს გარეთ, მიწის ქვეშ იყო განთავსებული“, ნიკო კახეთელიძემ განაცხადა, რომ ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

„ირაკლი ჟვანიამ ეს ისე იცის, როგორც მე ვიცი პალეონტოლოგია. ამიტომ, სპეციალისტს უნდა შეეკითხონ. სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ არ შეიძლებოდა ჩაძირული ტუმბო ყოფილიყოო, ამას აჰყვა რაღაც ნაწილი, პოლიტიკური ელფერი მიეცა და დაიწყო ლაპარაკი. მარტივად დავფიქრდეთ, ნახევარი საქართველო წყალს სვამს ჭიდან, შიგნით ჩასული ტუმბოთი. გარდა ამისა, ინტენსიური ბაღები შენდება დღეს, ასობით, ყველას ტუმბოთი მიეწოდება წყალი და ესეიგი, ნახევარი საქართველო ამოხოცილი უნდა იყოს, ხომ? ეს უბრალოდ სისულელეა“, – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.