ნიკო ცეცხლაძე - რუსეთში ბევრი ტალანტი დაიკარგა, ევროპის ნაწილი რომ გავხდებით, ჩვენები „ბარსელონაში“ და „რეალში“ ითამაშებენ #1TVSPORT
ნიკო ცეცხლაძე - რუსეთში ბევრი ტალანტი დაიკარგა, ევროპის ნაწილი რომ გავხდებით, ჩვენები „ბარსელონაში“ და „რეალში“ ითამაშებენ #1TVSPORT

მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის დღვანდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოება ფეხბურთზეც სასიკეთოდ იმოქმედებს…

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვოვამ რომ დამირეკა და გადაცემაში მიმიწვია. იცით როგორ გამიხარდა?! მისმა თაობამ დიდი სიხარული მოგვანიჭა. დიდ სიამოვნებას ვიღებდი, რადგან შემსრულებლები გვყავდა. „რეალს“ რომ ვუყურებთ, ასეთი დონის მოთამაშეები და ვარსკვლავები ქართველებს გვყავდა.

ქართული ფეხბურთი სულ ინდივიდების ხარჯზე იყო. დღესაც ასეა. არ შემიძლია კვარაცხელიას თამაში არ აღვნიშნო. ამ ახალაგზრდა ენერგეტიკამ გააერთიანა გუნდი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს და როდესაც გყავს ისეთი კარგი მწვრთნელი, როგორიც სანიოლია, ეს დიდი პლუსია. ნოდარ ახალკაცმა გააერთიანა და შეკრა ადრე „დინამო“. ახლა არ უნდა ვიჩქაროთ. შეიძლება იყოს გამარჯვებაც, სხვა შედეგიც, მაგრამ გუნდს ასაშენებლად სჭირდება დრო.

გერმანული სკოლა გუნდურობაზეა აგებული. მე მინდა ქართული სკოლა, სახე გამოჩნდეს, რომელიც სულ ინდივიდებზე იყო აწყობილი. ამას დრო სჭირდება, რომ სისტემა აეწყოს.

ველოდები, რომ ევროპის ნაწილი გავხდებით და ჩვენი ფეხბურთელები ითამაშებენ „ბარსელონაში“ და „რეალში“ და არა კრასნოდარის „ყუბანში“. იქ იღუპება ტალანტი, ევროპაში კი იფურჩქნება. ასათიანი და ანანიძე რამხელა ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთში მათი ვარსკვლავები ჩაქრა. ევროპაში რომ გადასულიყვნენ, სულ სხვა დონეზე ითამაშებდნენ.

ვუსურვებდი ჩვენს ნაკრებს, რომ საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებებს მოუგოს. ჩვენთან ინდივიდების ნიჭია და დარწმუნებული ვარ, თუ ინფრასტრუქტურა იქნება, იქნება წინსვლაც.

ყველაფერი კეთდება შრომით და მოთმინებით. ვხედავ, რომ სანიოლმა გუნდი გააერთიანა. მთავარი მაინც განწყობაა, ფეხბურთელებს უყვართ ერთმანეთი და ამ ერთობით წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი“.

დატოვე კომენტარი