ნიკი ჰეილი - გამოწვევების დროს ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი
ნიკი ჰეილი - გამოწვევების დროს ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი

აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ში იმ 64 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც იერუსალიმისთვის არსებული სტატუსის შენარჩუნებას მხარი არ დაუჭირეს.

მათ შორის იყვნენ ის ქვეყნები, რომლებმაც ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს, თავი შეიკავეს ან კენჭისყრაზე არ გამოცხადდნენ.

ნიკი ჰეილიმ ყველა მათგანს პრეზიდენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

„გამოწვევების დროს ყველაზე ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და მოკავშირე“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ელჩების მიღებაზე დიპლომატებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის შენარჩუნების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამას ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს. შეერთებული შტატების მიზანია დამყარდეს მშვიდობა ისრაელსა და პალესტინას შორის და გპირდებით, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

21 დეკემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს 9 სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა თურქეთის, იემენისა და ეგვიპტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც იერუსალიმისთვის გაყოფილი ერთეულის სტატუსის შენარჩუნებას ითვალისწინებდა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ეწინააღმდეგებოდა.

193 ქვეყნიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 128 სახელმწიფომ, 35-მა თავი შეიკავა, 21 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, კენჭისყრას არ დაესწრო.