ნიკარაგუის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარს აცხადებს
ნიკარაგუის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარს აცხადებს

ნიკარაგუის პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადა. Fox News-თან ინტერვიუში დანიელ ორტეგამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არეულობა და მსხვერპლი გასამხედროებულმა ჯგუფებმა გამოიწვიეს.

ინტერვიუს დროს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს ლიდერმა მთავრობის მხრიდან აღნიშნული ჯგუფების დაფინანსება უარყო და დასძინა, რომ მათ ოპოზიციური პარტიები და ნარკოკარტელები აფინანსებენ. ამის მტკიცებულებად კი პრეზიდენტმა ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები მოიყვანა.

Fox News-თან ინტერვიუს დროს დენიელ ორტეგამ განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 2021 წელს იწურება, მანამდე კი, დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობაზე დარჩება.

ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოში უკვე რამდენიმე კვირაა არეულობა არ ცხრება. შრომით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაციები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. დედაქალაქში მასობრივი აქციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეტაკებით სრულდება. ამ ხნის განმავლობაში დაპირისპირებებს 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.