ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა
ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. კომიტეტების გადაწყვეტილებას იურიდიული კომიტეტის წევრმა, ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა ამაზე ყურადღება.

საზოგადოებას მივმართავ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ კოლეგებს. შესაბამისად, ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი. ჩვენ კონკრეტულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ თანხმობის მიცემა, შუამდგომლობა წარადგინოს პროკურატურამ. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.