„საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკა სანდოხაძე გუნდში ჩაირიცხა. ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან დღეს ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
„ჩემი ახალი კლუბი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულია, რაც „საბურთალოს“ ბოლოდროინდელი შედეგებიდანაც ჩანს და აქ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ შეთანხმება შედგა და თბილისური კლუბის მაისურა მოვირგე. კლუბში პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ და კვალიფიციური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვეცდები, „საბურთალოს“ წინსვლაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო“ – ამბობს სანდოხაძე.
25 წლის ცენტრალური მცველი ბოლოს ლვოვის „კარპატში“ თამაშობდა. მან “საბურთალოსთან” მოლაპარაკების დეტალებზე ილაპარაკა: „დედაქალაქურ კლუბისგან ინტერესი ზამთარში დაიწყო, თუმცა ჩვენი თანამშრომლობა იმ მიზეზით ვერ შედგა, რომ იმ დროს „კარპატთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა. შემდეგ, უკრაინულ გუნდში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც „კარპატი“ 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. უგუნდოდ ვიყავი, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილმა სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად, „საბურთალოში“ ვარჯიში შემომთავაზა, რამაც ძალიან გამახარა და მესიამოვნა. კლუბის სათამაშო სტილი ჩემს გემოვნებაში ჯდება. „საბურთალო“ სწრაფ, ტექნიკურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან მომწონს და მიყვარს. მჯერა, ახალ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებებს მივაღწევ“.