ნიკა რურუა - რეიტინგი აბსოლუტურად არ მადარდებს, ყველაფერი წინ არის
ნიკა რურუა - რეიტინგი აბსოლუტურად არ მადარდებს, ყველაფერი წინ არის

ფაქტია, ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოშიც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს უნდა დამთავრდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ შეიძლება, პოლიტიკურ ოპონენტებს ფსევდოსამართლებრივი პროცესებით დევნიდე. ეს პოლიტიკური დევნაა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგან შესაბამისი შეფასება მიეცემა. ჩვენ ვცდილობთ და ვმსჯელობთ გზებზე, რომ რაღაცნაირად ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა სააკაშვილის დევნა შეწყდეს. ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ იყოს, რადგან სხვანაირად, ვერ მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება, რაც დემოკრატიის მთავარი კომპონენტია“, – განაცხადა რურუამ.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი იმ პირობებში, როცა პარტია დაიშალა და მისი რეიტინგი 17%–ია, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ პარტია არ დაშლილა და ყველა რეიტინგი ცვალებადია.

„ამაზე ნუ ნერვიულობთ. მე რეიტინგი აბსოლუტურად არ მადარდებს. ყველაფერი წინ არის. ყველა რეიტინგი ცვალებადი და არამდგრადია. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებთ, ხალხს საკუთარ ხედვებს როგორ მივაწოდებთ, მსოფლიოში რა პროცესები განვითარდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნიკა რურუამ.