ნიკა რურუა - მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე უკრაინულ პოლიტიკაშია
ნიკა რურუა - მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე უკრაინულ პოლიტიკაშია

ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ ფაქტია, ის თავიდან ბოლომდე უკრაინულ პოლიტიკაშია გადაშვებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, ის თავიდან ბოლომდე უკრაინულ პოლიტიკაშია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა სხვა ქვეყანაა, უკრაინას და საქართველოს ერთი და იგივე გამოწვევები აქვს. თავიდანვე, როცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არის უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის რელევანტური. მე მაშინაც საჯაროდ ვთქვი, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი ფრონტია“, – განაცხადა რურუამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა მზად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები იმისთვის, რომ უახლოეს წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი პარტიის საქმიანობაში ჩართული არ იქნება, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ისინი ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

როგორც ნიკა რურუამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსი იყო და დღეს უკრაინელი პოლიტიკოსია.

„რა თქმა უნდა, ეს უცნაურია, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ცვლილებებისთვისაა მოწოდებული. რამდენადაც უკრაინაში დიდი ხნით მონატრებული პროცესები არა და არ დაიწყო, რეფორმების გამტარებელ რადიკალურ პოლიტიკურ ფიგურაზე მოთხოვნა გაჩნდა“, – განაცხადა ნიკა რურუამ.