ნიკა რურუა - ფაქტია, უკრაინაში სააკაშვილის შეეშინდათ
ნიკა რურუა - ფაქტია, უკრაინაში სააკაშვილის შეეშინდათ

მიხეილ სააკაშვილი მოწოდებულია, უკრაინა სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ისევე, როგორც საქართველოში. რეფორმაზე ორიენტირებული ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არსებული ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და მოწოდებული არიან, უკრაინა სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანონ“, – განაცხადა რურუამ.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის კითხვაზე, რატომ ჩანს კარვების ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცი, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა მილიონიანი მარში რამდენიმეჯერ დააანონსა და სად არიან ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს უკრაინის გადასარჩენად ელოდებიან, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ გამოჩნდება, სად არიან.

„მე რა ვიცი სად არიან?! სად არიან და უკრაინაში. სად არიან და იქ არიან, სადაც მათ მიყვანას შეძლებს პოლიტიკური ოპოზიცია. ცხადია, ეს რთული ამოცანაა და ამ ამოცანას რამდენად გაართმევს თავს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ამას ვნახავთ. ფაქტია, რომ ამ კაცის იქ შეეშინდათ. სხვანაირად, არც პასპორტს წაართმევდნენ, არც საზღვარზე მოუწყობდნენ სამხედრო გადაულახავ ბარიერს და არც მის უკანონო დაპატიმრებას შეეცდებოდნენ. ეს ყველაფერი უკრაინის ხელმძღვანელობის სრულ სიბრიყვეზე მიანიშნებს“, – განაცხადა ნიკა რურუამ.