ნიკა ობოლაძე - საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა გაგრძელდება, სააკაშვილის განცხადება რეგულაციების დაუმორჩილებლობაზე აბსოლუტურად სწორია
ნიკა ობოლაძე - საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა გაგრძელდება, სააკაშვილის განცხადება რეგულაციების დაუმორჩილებლობაზე აბსოლუტურად სწორია

საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა გაგრძელდება, სააკაშვილის განცხადება რეგულაციების დაუმორჩილებლობაზე აბსოლუტურად სწორია, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

ობოლაძე მიიჩნევს, რომ დაუმორჩილებლობის აქტი „უაზრო, უშინაარსო და დისკრიმინაციული რეგულაციების მისამართით აბსოლუტურად სწორია“.

„მთელი ეს მოვლენები იმას მოყვა, რომ სააკაშვილმა დაუმორჩილებლობის აქტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მეც მგონია, რომ დაუმორჩილებლობის აქტი იმ უაზრო, უშინაარსო და დისკრიმინაციული რეგულაციების მისამართით აბსოლუტურად სწორია. არ შეიძლება, ადამიანებს ცხვრებივით მივერეკებოდეთ ცხრა საათზე სახლში. შეუძლებელია, იყოს სწორი, რომ ცხრა საათზე ადამიანებს ვუთხრათ, ისინი აუცილებლად სახლში უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თურმე დაჯარიმდებიან. ხელისუფლებას ურჩევნია, იმაზე იზრუნოს, რომ ვაქცინა შემოვიდეს. ათობით მილიარდი ლარი, რომელიც ვალად აიღო, გაფლანგა, მოიპარა უკან დააბრუნოს და წესიერად მართოს კოვიდ პანდემია, უაზრო რეგულაციები უნდა გაუქმდეს.

რადგან უსამართლო რეგულაციები გვაქვს, მის მიმართ დაუმორჩილებლობა აბსოლუტურად სწორია. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც აბსოლუტურად სწორი იყო და ეს არის აქ მთავარი, დანარჩენი გაირკვევა, ვინ ვის წინააღმდეგ რა თქვა. მთავარი იყო, რაც თქვა სააკაშვილმა მართალი იყო თუ არა, მან მართალი თქვა, რომ ეს დისკრიმინაციული რეგულაციები უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა ობოლაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, სააკაშვილის განცხადება ცუდად ხომ არ აისახება დიპლომატიურ ურთიერთობებზე, ობოლაძემ აღნიშნა:​ „ცუდად აისახება ზოგადად ის, რომ ზოგადად სააკაშვილს არ ეძლევა პოლიტიკაში ჩაბმის საშუალება. ზოგადად, ეს არის ცუდი ქართული პოლიტიკისთვის. დანარჩენი, მეგობრები ვიყავით საქართველო და უკრაინა, ეს მეგობრობა გაგრძელდება, არაფერი ამას ხელს არ შეუშლის, ვერაფერი ცუდი ვერ მოხდება, სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე რეგულაციებისთვის დაუმორჩილებლობა სწორია, აბსოლუტურად სწორია. შეუძლებელია, ამ სწორმა განცხადებამ რაიმე ცუდი შედეგი მოიტანოს უკრაინისთვის, თუნდაც საქართველოსთვის“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

საქართელოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ელჩის ამ განცხადების გამო, მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.