ნიკა ობოლაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ნიკა ობოლაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე. ფაქტობრივად, ის ხელისუფლების მხრიდან არის სასიკვდილოდ განწირული და პირდაპირ ეთერში კლავენ. სააკაშვილის და ჩვენი მოთხოვნა არის უმარტივესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში.

„სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ის შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მულტიპროფილურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ შიმშილობის შეწყვეტამ არ მოიტანოს ფატალური შედეგი. შიმშილობის შეწყვეტა თავისთავად არის რთული პროცედურა. ვითხოვთ, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში და შეწყვეტს შიმშილობას. მისი სიცოცხლე უნდა იყოს გადარჩენილი. უახლოეს წუთებში ხელისუფლება ვალდებულია, რაც არ გააკეთა აქამდე, გააკეთოს ახლა. გადაიყვანოს სააკაშვილი კლინიკაში და დაიწყოს მისი რეაბილიტაციის პროცესი. თუ ამას არ იზამს, გამოდის, რომ ის მისი ხელიდან კლავს სააკაშვილს და ამ ქვეყანას უკლავს ნორმალური განვითარების შანსს, რადგან შეუძლებელია ეს ტვირთი ქვეყანამ ატაროს თავისუფლად, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ვინც მოიტანა დამოუკიდებლობა გარდაცვლილი იყოს ჩვენს მიწაზე და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ვინც მოიტანა სახელმწიფოებრიობა ასევე მოვკლათ ციხეში“, – განაცხადა ობოლაძემ.

ნიკა ობოლაძის განცხადებით, დაგეგმილი აქციების მთავარი მიზანიც სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის განვითარების შანსის შენარჩუნება და სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება, ამ ეტაპზე. ამის გარეშე სხვა არაფერი გამოვა. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართოთ, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ, მათ არ ექნებათ შანსი ეს ქვეყანა მართონ მშვიდად თუ სააკაშვილს ასე მოექცევიან და თუ მას მოკლავენ ფაქტობრივად ციხეში. ამიტომ, ჩვენი გეგმა არის საპროტესტო აქციები. დღესაც იქნება რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია, ისევე როგორც სხვა არაპოლიტიკური ორგანიზაციები მართავენ საპროტესტო აქციას და ჩვენი გეგმა არის, რომ რაც შეგვიძლია ყველანაირად ვიხმაუროთ და მივიტანოთ სათქმელი ხელისუფლებამდე, რომ არ შეიძლება ახლა იმის გაკეთება რასაც ისინი აკეთებენ“, – განაცხადა ობოლაძემ.