ნიკა ობოლაძე – პრობლემა თავიდან ბოლომდე შექმნილია საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელმაც გააფუჭა ურთიერთობები ევროკავშირთან და გასაღებიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას
პრობლემა, რაც არის, თავიდან ბოლომდე შექმნილია საქართველოს ხელისუფლების მიერ და გასაღები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, – ასე უპასუხა დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უყურებს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის არსებულ მდგომარეობას, ეს არის დროებითი მოვლენა თუ ეს არის სტრატეგიული მიზნების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულობით გამოწვეული მოცემულობა.
„საქართველოს და ევროკავშირს ჰქონდა პარტნიორული და კარგი ურთიერთობა წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს და არ ვგულისხმობ მხოლოდ ამის წინა ხელისუფლებას, მანამდე, შევარდნაძედან რომ დავიწყოთ, საქართველო და ევროკავშირი პარტნიორობდნენ, ვუახლოვდებოდით, ვიღებდით გრანტს, მაგალითად, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებისთვის და ასე შემდეგ, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, კი ბატონო, მაგრამ ეს ურთიერთობები იყო, რაღაცნაირად ეწყობოდა და საქართველო იყო ევროატლანტიკურ კურსზე. მთავარი გარდატეხა და მთავარი შემოტრიალება პოლიტიკურად, რაც იყო, მოხდა 2022 წელს, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ იყო, ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ასეთი საჯარო კამპანია – ევროკავშირი გვითრევს ომში და ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ გადავარჩინეთ ქვეყანა ომს. მე მინდა, გავიხსენო, ვინ იყო 2022 წელს ქვეყნის ოთხი მთავარი პირი, ვინც ქვეყანა გადაარჩინა ომს. პრეზიდენტი იყო აგენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერი იყო თაღლითი, კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი იყო საერთაშორისო თაღლითი და ქოლცენტრების დამაორგანიზებელი ლილუაშვილი და თავდაცვის მინისტრი იყო კაბინეტში ქრთამის მიმწოდებელი პრემიერისთვის ჯუანშერ ბურჭულაძე. ანუ, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა გადაარჩინეს ეს ქვეყანა ომს? ეს ყველაფერი იყო რიტორიკა და ეს დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გაუარესება ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ობოლაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის ცვლილებისა, დღეს გვაქვს ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს დაადო ემბარგო.
„საქართველოს ხელისუფლებამ არია მტერი და მოყვარე და თქვა, ყველანი ხართ აგენტები, ხართ უსამშობლოები, რომ ევროკავშირი არ არის ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ, ამ ტონალობაში ესაუბრებოდა, მან გააფუჭა ურთიერთობები და მიუხედავად საგარეო პოლიტიკის ცვლილებისა, დღეს გვაქვს ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს დაადო ემბარგო“, – განაცხადა ობოლაძემ.
როგორც ობოლაძემ აღნიშნა, როდესაც რუსეთმა შემოიღო ემბარგო ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რა არის „ქართული ოცნების“ რეაქცია ამაზე.
„ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა ემბარგო, არ უხსენებიათ ასეთი სიტყვა. ან ამბობენ, რომ მოდი, ემბარგო არ დავარქვათ და არიან ფრთხილები. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით არის ე.წ. ფრთხილი რიტორიკით და აღარ ჩამოვთვლი იმ ისტორიას, რაც გვაკავშირებს რუსეთთან. ამ ნაწილში, რომ არის ფრთხილი, არ ვაკრიტიკებ ხელისუფლებას. მე ამ ფრთხილ რიტორიკას არ ვაკრიტიკებ, მაგრამ თუ 140-მილიონიანი რუსეთი, რომელსაც ორი ტრილიონის ეკონომიკა აქვს, არის ჩვენთვის საფრთხე, მაგალითად, და ვართ ფრთხილები, 500-მილიონიანი ევროკავშირი, რომელსაც 18-ტრილიონიანი ეკონომიკა აქვს და, შეიძლება, ბევრად უფრო ძლიერი იყოს, ხელისუფლება რომ ამ ევროკავშირთან სიტუაციას ვერ ალაგებს, ეს როგორ შეიძლება, არ იყოს პრობლემა?“ – განაცხადა ობოლაძემ.