ნიკა ობოლაძე - ოპოზიციას არ მოუგია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
ოპოზიციას არ მოუგია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ობოლაძის განცხადებით, ბოიკოტის დროს, პროცესი წავიდა არა იმისკენ, რომ ოპოზიციას მოეპოვებინა უკეთესი პირობებით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, არამედ არჩევნებში შესვლა გამოცხადდა ქვეყნის ღალატად.
„რა მოხდა, სად მოვედით და რა უნდა გავაკეთოთ. მოხდა ის, რომ ოპოზიციას არ მოუგია წესიერად, ჩვენ არ მოგვიგია გადამწყვეტად, ოპოზიციას არ მოუგია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ არსებობენ ან ორგანიზებული არ არიან. ჩვენ არ მოგვიგია ეს არჩევნები. ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში. კარგი არჩევნები არც ახლა, 2025 წელს იყო, მაგრამ „ოცნებამ“ მოიგო. გაყალბდა, მაგრამ მოიგო. ამაზე ბევრად მეტად გაყალბდა 2024-ში. გასაგებია, ახლა არ დასჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა, ეს ფაქტი არ არის. ამის შემდეგ წავიდა ერთწლიანი პროცესი არა იმისკენ, რომ მოგვეპოვებინა უკეთესი პირობებით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, არამედ არჩევნებში შესვლა გამოცხადდა ქვეყნის ღალატად. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ შევიდნენ არჩევნებში, უშვებდნენ არჩევნებში შესვლას, სახელდებოდა კონკრეტული კანდიდატები და ამბობდნენ, რომ პარტიას თუ აწყობს, მივიღებ მონაწილეობასო. ვგულისხმობ მათ, ვინც არ შევიდა არჩევნებში.
მოვედით აქამდე და ის, რაც მაშინ თქვა ხაბეიშვილმა, ამ პროცესში იყო ლოგიკური. შენ თუ არ აღიარებ არჩევნებს, თუ ამბობ, რომ არის რუსული სპეცოპერაცია, მონაწილეობას არ იღებ, თუ გავიდა ერთი წელი და ამბობ, რომ არც კი დაველაპარაკები „ოცნებასო“, მაშინ მიდიხარ რევოლუციამდე. რევოლუციამდე მიდის არა ხაბეიშვილი, ან ის ხუთი ადამიანი, ვინც დააკავეს, ყველას პატივისცემა – ხალხის დაკვეთა შეასრულეს. ამ ლიდერებმა თქვეს თუ არა ის, რაც იყო მოთხოვნა? თქვეს, რომ შეასრულეს ყველაფერი, ჰქონდათ კამპანია, ყველამ იცოდა, რომ უნდა მოსულიყო 4-ში. საბოლოო ჯამში კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს გაეჯაჯგურა 15 ან 20 კაცი. შენ თუ არ ითხოვ არჩევნებს, შენ თუ არ ამბობ, რომ კი, ღობეს მე პირადად უნდა დავეჯაჯგურო და არ ეჯაჯგურები ღობეს, არ ხარ შემტევი აქციების მონაწილე, შენ თუ ამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაველაპარაკები, აბა, რას აკეთებ? ანუ არჩევნებში არ შედიხარ, რევოლუციაში ფიზიკურად არ მონაწილეობ, მოლაპარაკება „ოცნებასთან“ არ გინდა, აბა, რა გინდა?“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.