ნიკა ობოლაძე - ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც ვართ ჩვენც, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება
ნიკა ობოლაძე - ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც ვართ ჩვენც, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება

ვისურვებდი, პირადად მე, ნონას და ყველა სხვას გაგვეკეთებინა უფრო მეტი. არა მხოლოდ ვისურვებდი, ფაქტია, ჩვენ, ყველას გვმართებს მეტის გაკეთება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა თანაგუნდელ ნონა მამულაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მამულაშვილი აღნიშნავს, რომ ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო აქტიური იყოს, ასევე ისურვებდა ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს.

ობოლაძის თქმით, არ უნდა იყვნენ კმაყოფილი და სწორედ ასე შეხედავდა ამ განცხადებას.

„შეუძლებელია, ახლა ოპოზიცია იყოს თვითკმაყოფილების რეჟიმში მაშინ, როცა ამ სიტუაციაში გვამყოფებს ხელისუფლება. არავინ არ არის თვითკმაყოფილი არც პარტიაში, რამდენადაც ვიცი, არც სხვა პარტიებში, და ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია. ვისურვებდი, პირადად მე, ნონას და ყველა სხვას გაგვეკეთებინა უფრო მეტი. არა მხოლოდ ვისურვებდი, ფაქტია, რომ ჩვენ, ყველას გვმართებს მეტის გაკეთება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები და ამ განცხადებას შევხედავდი ასე. გავიგეთ, რომ ხელისუფლება ახდენს ევროატლანტიკური პროცესის საბოტაჟირებას, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საბოტაჟირების შედეგების აღმოფხვრა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი აქტიურობა, პირადად მე მჭირდება მეტი დახარჯვა, ნონასაც სჭირდება მეტი დახარჯვა, პარტიასაც, სხვა პარტიებსაც და ა.შ.“, – ამბობს ნიკა ობოლაძე.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ნიკა მელია საკმარისად აქტიური თქვენთვის, – ნიკა ობოლაძე პასუხობს, რომ ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

„ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც ჩვენც ვართ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. ანუ, აქ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა და არც ერთ ადამიანში არ არის ხოლმე გამოსავალი. ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, მაგრამ ზოგადად რამდენად ვართ აქტიურები საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები, ჯამში ეს არ არის საკმარისი და გვჭირდება მეტი“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.