ნიკა ობოლაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრს მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორია
ნიკა ობოლაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრს მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პარტია პარლამენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, თავად და პარტიაში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორია.

„ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბატონ რომანს. საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება, მათ შორის განსაკუთრებით საგამოძიებო კომისიების მეშვეობით ადამიანების გამოკითხვა, კორუფციული სქემების გაშიფვრა და ა.შ. არის ძალიან სწორი სტრატეგია. მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. იქნება ეს პარლამენტი, იქნება ეს ქუჩა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობები, თუ სხვა, თუმცა საბოლოოდ პარტია შეთანხმდება და ერთიან პოზიციას დააფიქსირებს. მე იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში მოუწევს პასუხების გაცემა ბევრ კორუფციაში გარეულ მაღალჩინოსანს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან დატოვოს პარლამენტი, ყველაზე უარესი არის ბოიკოტი, რომელშიც ახლა ფრაქცია იმყოფება“.