ნიკა ობოლაძე - მეგის ქარდავაზე პარტიაში მიკითხავს, მაგრამ არავინ იცნობს ამ კაცს, არავის ჰქონია ახლო ურთიერთობა, მე არ ვიცნობ და არც ვაპირებ მხარდაჭერის გამოცხადებას
ნიკა ობოლაძე - მეგის ქარდავაზე პარტიაში მიკითხავს, მაგრამ არავინ იცნობს ამ კაცს, არავის ჰქონია ახლო ურთიერთობა, მე არ ვიცნობ და არც ვაპირებ მხარდაჭერის გამოცხადებას

მე არ ვაპირებ მეგის ქარდავას დაცვას. ისე აღმოჩნდა, რომ პარტიაში თითქმის არავინ იცნობს, მე მიკითხავს, მაგრამ არავინ იცნობს ამ კაცს. ასე საუბრებში არავის ჰქონია ახლო ურთიერთობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დანაშაულების შესახებ ბევრი სმენია და თავად არ აპირებს, მეგის ქარდავას მხარდაჭერა გამოუცხადოს.

როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, მეგის ქარდავამ თავისი სიმართლე უნდა დაამტკიცოს, თუკი მსგავსი აქვს. ობოლაძის თქმით, ქარდავას კარგი რეპუტაცია არ აქვს და ბევრი სმენია, რომ ის კანონს არღვევდა.

„2003 წლიდან 2012 წლამდე სისტემური პრობლემები იყო. ხდებოდა დანაშაულები მაშინ, როგორც მანამდე შეიძლება, მეტი ხდებოდა და ახლაც გაცილებით მეტი. როდესაც 55 ათასი ფაილია ჩაწერილი. კონკრეტულ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა. მე მსმენია, რომ მეგის ქარდავას შეიძლება, ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულები ჩადენილი. მე არ ვაპირებ მეგის ქარდავას დაცვას. ადამიანებისგან მსმენია, რაღაც ისტორიები წამიკითხავს. ისე აღმოჩნდა, რომ პარტიაში თითქმის არავინ იცნობს. მე მიკითხავს, მაგრამ არავინ იცნობს ამ კაცს. ასე საუბრებში არავის ჰქონია ახლო ურთიერთობა.

კონკრეტულად ვერ ვიტყვი, დამნაშავეა თუ არა. თუ მივუდგებით იმ სტანდარტით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ყველას აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში, ვინც არის დაკავებული, ყველაზე შეიძლება, ითქვას, რომ არ უნდა იყოს ციხეში და ა.შ. რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას აქვს უფლება, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს. უნდა ჰქონდეს უფლება, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივაციით არ იყოს მისი საქმე გარჩეული, მაგრამ რომ გითხრათ, რაც მსმენია, რა გარემოც არსებობს, დიდ სურვილს აღმიძრავს, ვთქვა, რომ მეგის ქარდავას პოლიტიკურად დევნიან, მე ასე არ ვარ განწყობილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია. შეიძლება, ვინმე მეგობარი ჰყავს ბატონ მეგისს პარტიაში. მე არ ვიცნობ და არც ვაპირებ მხარდაჭერის გამოცხადებას. სულ რომ ანგელოზი იყო, ეს წლები რაც მასზე ხმები ვრცელდებოდა, მინიმუმ იმის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა, რომ გამოსულიყო, ყველა ბრალდებაზე საჯაროდ დამჯდარიყო და ყველაფერზე პასუხი გაეცა. თუ ეს ყველაფერი მითია, მითის კონოტაცია, თითქოს არაფერი არის მართალი, მაშინ მან დააზიანა დიდი საქმე, თუ არ გამოვიდა და ყველაფერს პასუხი არ გასცა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სულ რომ ანგელოზი იყოს და არაფერი დაშავებული არ ჰქონდეს, მაინც დაუშავებია, თუ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, ამ ყველაფერს აბრალებდნენ და ის ჩუმად იყო ამ წლების განმავლობაში. ამით ხომ მართლა საქმე ფუჭდებოდა. ამით, ვინც საქმეს აკეთებდა, ის ზიანდებოდა. მან დააშავა თუ არა რაღაცები, ეს უკვე მისი პირადი პასუხისმგებლობაა, მან უნდა გაარკვიოს ეს მედიასთანაც, სასამართლოსთანაც, ადვოკატების მეშვეობითაც და უნდა ეცადოს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ ასეთი აქვს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.