ნიკა ობოლაძე - გიგი უგულავა რა ფორმით იყრის კენჭს, რომელი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ექნება, დეტალები ცნობილი იქნება შაბათისთვის, როდესაც ფოთში კანდიდატის წარდგენა მოხდება
ნიკა ობოლაძე - გიგი უგულავა რა ფორმით იყრის კენჭს, რომელი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ექნება, დეტალები ცნობილი იქნება შაბათისთვის, როდესაც ფოთში კანდიდატის წარდგენა მოხდება

ფოთში ჯამში განიხილებოდა მერობის ხუთი სხვადასხვა კანდიდატი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფოთის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

„გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული, გაცხადდებოდა. რაც შეეხება განხილვებს, ფოთში განიხილებოდა სამი სხვადასხვა კანდიდატი, ანუ ჯამში ხუთი კანდიდატი განიხილებოდა ფოთში, ისევე, როგორც სხვა რაიონებში. იყო რაიონები, სადაც ხუთი-ექვსი კანდიდატი განიხილებოდა, გარდა იმისა, ვინც დავაყენეთ. ასე რომ, ეს არის სამუშაო პროცესი და ამ სამუშაო პროცესში ახლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ გიგი უგულავა უნდა იყოს მერობის კანდიდატი. ეს არის ფაქტობრივად გადაწყვეტილი. წინა დღეებში ეს აქტიურად განიხილებოდა. თუ როგორ, რანაირად, რა ფორმით, ამ ყველაფერს გავიგებთ შაბათს, ფოთში, 18:00 საათზე იქნება წარდგენა“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან კონსულტაციების შესახებ დასმულ შეკითხვას, როგორც ნიკა ობოლაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა სპექტრმა იცოდა, რომ გიგი უგულავა განიხილებოდა კანდიდატად.

„ამ წუთას შეთანხმებული და გაცხადებული, უგულავა რა ფორმით იყრის კენჭს, რომელი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ექნება და ასე შემდეგ, ეს დეტალები არ არის დასრულებული, არ არის შეთანხმებული ბოლომდე, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დასრულებული შაბათისთვის, როდესაც ფოთში იქნება წარდგენა. მე ამ ეტაპზე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ფოთში განიხილებოდა სხვა რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ახლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გიგი უგულავა იყოს ფოთში მერობის კანდიდატი“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

მისი თქმით, სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა წინა დღეებშიც და მიდის ახლაც.

კითხვაზე, ექნება თუ არა კოლეგა ოპოზიციონერების მხარდაჭერა გიგი უგულავას, ობოლაძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„გეუბნებით, რომ კონსულტაციები იყო და ახლაც არის. მათი პოზიცია როგორია, ახლა ვერ გეტყვით. დეტალების შესახებ გაიგებთ შაბათს, სადაც იქნება წარდგენა და გავიგებთ, რა ფორმით იყრის უგულავა კენჭს და იქნება თუ არა რეფერენდუმის ლიდერი ფოთში, რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს. წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის გარკვეულ რაიონებში იქნება კონკურენციაც, რასაც შეთანხმებაც ითვალისწინებს.

„ოპოზიცია არიან ერთმანეთის კონკურენტებიც, ისევე, როგორც გაერთიანების სტრატეგიაც ითვალისწინებს ზოგ რაიონში ერთიან კანდიდატს, ზოგ რაიონში კონკურენციასაც. პრობლემა არ არის, სხვადასხვა პარტია არსებობს იმიტომ, რომ აქვთ სხვადასხვანაირი ხედვები. მათი კონკურენცია არის არათუ აუცილებელი, მისაღებიც კი. ამიტომ არც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ კონკურენტები იყვნენ, არც იმაში ვხედავ, რომ მხარი დაუჭირონ რომელიმე კანდიდატს რომელიმე რაიონში. ასე რომ, ეს არის სამუშაო პროცესი. მთავარი არის ის, რომ ამ წუთას ვინც ოპოზიციად თვლის თავს, მთავარი მიზანი იყოს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოიგოს მან და ხალხმა და დაინიშნოს ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

მისივე თქმით, გიგი უგულავას კანდიდატად დაყენება წინააღმდეგობაში არ მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტნიორული ურთიერთობასთან.

„ევროპულ საქართველოსთან“ პარტნიორობა რატომ გამორიცხავს თანამშრომლობას გიგი უგულავასთან? ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გვინახავს. მაგრამ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ასე ცხოვრება გვინდა, თუ რამის შეცვლა გვინდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, უკონკურენტოა თუ არა გიგი უგულავა ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ გიგი უგულავა თავად არის ძალზე კონკურენტუნარიანი.