ნიკა ნანუაშვილი - შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, დასაქმებულის ინტერესების დაცვას ვერ მივაღწევთ
ნიკა ნანუაშვილი - შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, დასაქმებულის ინტერესების დაცვას ვერ მივაღწევთ

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, დასაქმებულის ინტერესების დაცვას ვერ მივაღწევთ, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

„რა არის დასაქმებულის ინტერესი? პირველი ის, რომ მას ჰქონდეს სამუშაო ადგილი; მეორე – ჰქონდეს ნორმალური სამუშაო პირობები, რაშიც სამუშაო დროც შედის და მესამე – ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება. თუ მიზანი არის ეს, ახლავე ცალსახად გეტყვით, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. მხოლოდ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანით არც ერთ ქვეყანაში ამისთვის არ მიუღწევიათ ისე, რომ ამას არ ჰქონოდა შესაბამისი ეკონომიკური საფუძველი და ქვეყნის განვითარების შესაბამისი ეკონომიკური დონე“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

ნიკა ნანუაშვილის თქმით, არ მომხდარა გათვლები, რაც ახალი სტანდარტის დანერგვას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს.

„ნებისმიერი სტანდარტის და წესების გაუთვლელად, დაუთვლელად და მოსალოდნელი შედეგის შეუფასებლად შემოღების წინააღმდეგი ვართ. ბევრად მაღალ სტანდარტებს დავაწესებდი, რომ იყოს საშუალება და ამის ეკონომიკური საფუძველი“, – განუცხადა ნიკა ნანუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.