ნიკა ნანუაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს და საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკას ნერგავს
ნიკა ნანუაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს და საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკას ნერგავს

გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან თანაბარ პირობებში აყენებს და პროცესს მეტ თავისუფლებას სძენს, რითაც საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკასთან გვაახლოებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ბიზნესის გადახდის უუანარობის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პარლამენტს თებერვალში წარედგინა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მართალია, საქართველო ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურების სიმარტივით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ გადახდისუუნარობის შემთხვევაში ბიზნესს საქმიდან გამოსვლა წლობით უგრძელდება. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული პროცედურების მნიშვნელოვან გამარტივებას ბიზნესი პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტისაგან ელოდება.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სახელმწიფოს რიგით კრედიტორებთან ათანაბრებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. სახელმწიფოს როცა ვამბობთ, საგადასახადოს ვგულისხმობთ. ძირითადად, საგადასახადო გამოდიოდა კრედიტორად და ეს მართლაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა, რადგან ერთი მხრივ საგადასახადო, მეორე მხრივ აღსრულების ბიურო, იქ სასამართლო და ბუნებრივია, განცდა რჩებოდა, რომ ყველაფერში სახელმწიფო იყო პირველი. დღეს სახელმწიფო ჩადგა ჩვეულებრივ კრედიტორად და სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფომ ამ პროცესში ოდნავ გაიწია. ბუნებრივია, სასამართლო ზედამხედველობა რჩება ამ პროცესში, საგადასახადო მოთხოვნების უფლებაც რჩება სახელმწიფოს. უბრალოდ, შემსუბუქდა ამ ყველა ფაქტორის დაწოლის ტვირთი, რეაბილიტაციის იქნება, თუ გაკოტრების პროცესზე, რაც ცალსახად დადებითი იქნება. ეს პროცესს მეტ დინამიურობას და თავისუფლებას შესძენს და რაც ყველაზე მთავარია, თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს“, – განმარტა ნიკა ნანუაშვილმა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ნოდიას განმარტებით, ახალი კანონპროექტი არსებულისგან იმდენად განსხვავდება, რომ ფაქტობრივად ახალია. კანონპროექტი პრობლემურ ბიზნესს საშუალებას აძლევს, თავიდანვე იცოდეს, პროცესი რა მიმართულებით წავა, რეაბილიტაციის, გაკოტრების თუ ე.წ. რეგულირებული შეთანხმების [როდესაც მოვალე კრედიტორებთან შეთანხმებას აღწევს სასამართლოს გარეშე] გზით, რაც დღეს საკმაოდ ბუნდოვანი პროცესია. გარდა ამისა, უქმდება ისეთი ბიუროკრატული რგოლი, როგორიცაა ე.წ. მეურვეთა საბჭო, ხოლო რეაბილიტაციის მმართველს აღსრულების ბიურო აღარ დანიშნავს. კანონპროექტი აზუსტებს მოვალესა და კრედიტორებს შორის რეაბილიტაციის გეგმის შეთანხმების ვადებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში, პროცესი წლობით აღარ გაიწელოს. უფრო მოქნილი ხდება პრობლემური ბიზნესის გაყიდვის წესიც.

„ფაქტობრივად კანონი სრულიად ახალია და არსებული კანონისაგან ბევრ ნაწილში განსხვავდება. ზოგადად პროცესი იმდენად ორგანიზებულია, რომ ამან მოტივაცია ყველას უნდა გაუჩინოს, კრედიტორებს, მოვალეს, საგადასახადოს. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ საგადასახადო არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან ერთ რიგში დააყენა, არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს არის საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა ლაშა ნოდიამ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის მოსაზრებით, მართალია კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ შემოთავაზებული სიახლეები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებითი სახის შენიშვნები ფაქტობრივად არ არსებობს.

„შემოთავაზებული სიახლეები იმდენად მნიშვნელოვანი და კარგია, შეიძლება, იყოს რაღაც ცალკეული შენიშვნები ძირითადად პროცედურულ ნაწილში, რომელსაც კიდევ გავივლით კანონპროექტის ავტორებთან. მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ჩვენს წევრებთან კონსულტაციებს გავდივართ. მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ რამე არსებითი სახის შენიშვნა ამ კანონპროექტთან მიმართებით არ არის და ამ ინიციატივას ძირითადად მხარს ვუჭერთ. ეს არის ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განუცხადა ნიკა ნანუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი