ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული დროს სჭირდება.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დაკმაყოფილდება თუ არა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ამასთან, დაცვის მხარე თავის მხრივ ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოითხოვს, მოიხსნას შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას პირველმა ინსტანციამ საცხოვრებელი სახლიდან გასვლა გამომძიებლის თანხმობის გარეშე აუკრძალა. დაცვის მხარე ასევე ითხოვს, შეიცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მელიას სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტი ეკრძალება.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.