ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება, რომელზეც მოსამართლე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს
ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება, რომელზეც მოსამართლე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.

ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთი ეხებოდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის მიზეზად მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაასახელა ის, რომ პროცესს იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა მედიასაშუალებებს აქვთ საშუალება, მიიღონ მასალები.

ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას დასწრებას. ნიკა მელია აღნიშნული საქმის ფარგლებში მოსამართლის მიერ პროცესიდან იყო გაძევებული. ამ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც.

„შუამდგომლობა უნდა იყოს მოტივირებული, ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, ეს შუამდგომლობაც კი ამ საქმისთვის არის პოლიტიკური ელფერის გამძაფრება, ხაზი გაესვა, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი, რა შუაშია მისი პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ დავუბრუნდეთ სამართლებრივ არგუმენტებს. ბრალდების მხარე არ იქნება წინააღმდეგი, რომ ბრალდებული დაბრუნდეს სხდომათა დარბაზში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ საქმის არსებითი განხილვა მომავალში გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში და წესრიგი არ დაირღვევა“, – განაცხადა პროკურორმა გულუაშვილმა.

მოსამართლემ საბოლოოდ, ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას მიეცა საშუალება, სასამართლო სხდომას დაესწროს.

აქედან გამომდინარე, პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რომელსაც თავად ბრალდებული ნიკა მელიაც დაესწრება.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოსამართლე 13 აპრილის სხდომაზე სავარაუდოდ, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს, ვინაიდან 17 აპრილისთვის იწურება ორთვიანი პატიმრობის ვადა.

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.