ნიკა მელიას ადვოკატს პროკურატურაში ბრალის დადგენილება გადაეცა
ნიკა მელიას ადვოკატს პროკურატურაში ბრალის დადგენილება გადაეცა

ნიკა მელიას ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს გენერალურ პროკურატურაში ბრალის დადგენილება გადაეცა.

კონდახაშვილის განცხადებით, დადგენილებაში საუბარია, რომ მელიას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ გადასცემიათ არც მტკიცებულებები და არც მტკიცებულებების ნუსხა, რაზე დაყრდნობითაც წარედგინება მელიას ბრალდება.

„პარადოქსია, მაგრამ ბრალდების დადგენილება გადმომცეს, ორ გვერდიანი დოკუმენტი. არც მტკიცებულებების ნუსხა გადმომცეს და არც მტკიცებულებები, რაზე ეყრდნობა ბრალდება, ეს კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, დაახლოებით მეორე დღეა, ადამიანის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ბრალდება გადმოეცა ადვოკატს და ვითხოვთ გუშინდელიდან დაწყებული, გადმოგვცენ მტკიცებულებები. არ გვაცნობენ, გვეუბნებიან, რომ დაგვირეკავენ და მოგვცემენ, თუმცა, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა. საპროცესო კანონმდებლობა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გადმოცემას ითვალისწინებს, რადგან ნიკანორ მელიას აქვს უფლება, იცოდეს, რას ეყრდნობა ბრალდება. ბრალდება რაც გუშინ გააჟღერა პროკურატურამ, ეს არის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას, ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან მოყვა ძალადობა რბევა, მასობრივი არეულობები და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მათ მტკიცებულებები არ გადასცემიათ და არ იციან, რას ეყრდნობა ბრალდება თუმცა, თუ ის ვარაუდობს, რომ ბრალდება ემყარება ნიკა მელიას მშვიდობიან მოწოდებებს, რაც სამართლებრივად აბსურდია.

„ვარაუდის დონეზე ვამბობ, თუ კი ეს არის ის განცხადებები, რაც საჯაროდ იყო გასული მასმედიაში და სოციალურ ქსელებში, სადაც ნიკანორ მელია ამბობს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად გასაპროტესტებლად გადავინაცვლოთ პარლამენტის ეზოში, ასევე მეორე განცხადება, სადაც ანალოგიურ განცხადებას აკეთებს, თუ ეს არის მასობრივი არეულობის მოწოდება, ორგანიზება და ხელმძღვანელობა და ბუნტი, როგორც იურისტი ვამბობ, აქ 225-ე მუხლის შემადგენლობა არ არის და ეს არის აბსურდი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მელია არსად მიმალვას აპირებს და ის საქართველოს პარლამენტშია.

„თვითონ არის საქართველოს პარლამენტში, არავითარ მიმალვას არ აპირებს. ამაზე საუბარიც არ არის. იგი მზადაა, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საწყისშივე ხარვეზიანი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნების მატარებელი მართლმსაჯულება. არც დაპატიმრების ეშინია, თუ ასეთი იქნება მიღებული. რაც შეეხება იმას, რატომ არ გვაძლევენ მტკიცებულებებს, ეს არ ვიცი. აშკარაა, რომ კანონი ირღვევა. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე – მიმდინარეობს ფორსირებულად, ფორს მაჟორში საქმის შეკერვა, რათა ფორმალურად მოხდეს საქმის სასამართლოში შეტანა“, – განაცხადა ადვოკატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.