ნიკა მელიამ მხარდამჭერებს დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა 
ნიკა მელიამ მხარდამჭერებს დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, არამედ დაიწყო.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არც ერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას.

„გუშინდელი უმძიმესი დღის შემდეგ, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. როდესაც უნდა ვთქვა, რომ ტოტალურად გაყალბდა, უნდა ვიგულისხმო, რომ ტოტალურად არჩევნები გადაწერეს, მანიპულაციების მეშვეობით ციფრები, პროცენტები შეცვალეს. ტოტალურად გაყალბებული არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამ იკადრეს.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, არ ვაპირებთ, არც ერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ძალიან მტკიცე, ურყევ ბრძოლას მშვიდობიანად. იმისთვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, რათა კონკრეტული გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს შერჩება. ამიტომ, გელოდებით თბილისელებო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.