ნიკა მელია - ზაზა სარალიძეს ხელისუფლების მხრიდან ახსნა-განმარტების ნაცვლად, დასცინეს​
ნიკა მელია - ზაზა სარალიძეს ხელისუფლების მხრიდან ახსნა-განმარტების ნაცვლად, დასცინეს​

ზაზა სარალიძეს ხელისუფლების მხრიდან ახსნა-განმარტების ნაცვლად, დასცინეს​, – ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება.

„თქვენ დაინახეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ეს სისტემა. აქ, ჩვენს გვერდით დგას ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული შვილმკვდარი მამა, რომელთაც, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ახსნა-განმარტება ხელისუფლების მხრიდან, დასცინეს. შავი პიარი, პროპაგანდის მანქანა აამუშავეს, მოუქსიეს აქ ზონდერ ელემენტები, ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს ფეხქვეშ, ეს არ არის პოლიტიკური გადწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების.

ამიტომ, მეგობრებო, აქ ხშირად გაისმოდა ერთი ძირითადი მოთხოვნა, დასჯილიყვნენ მკვლელები და ასევე ის ადამიანები, ვინც თვეების განმავლობაში აფარებდნენ ხელს მკვლელებს, მაგრამ ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო, დაინგრეს სისტემაო, ხშირად გაგვიგონია, მაგრამ ამ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებისგან. ხვალ, ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება და მთელ ქვეყანას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.