ნიკა მელია - მე ვარ ყველა იმ ადამიანის მტერი, ვინც ეცდება, რომ ჩვენი უნიკალური ერთობა ჩრდილქვეშ დააყენოს
ნიკა მელია - მე ვარ ყველა იმ ადამიანის მტერი, ვინც ეცდება, რომ ჩვენი უნიკალური ერთობა ჩრდილქვეშ დააყენოს

ყველა, ვინც ოდნავ მაინც ეცდება, რომ ოპოზიციური ერთობა ჩრდილქვეშ დააყენოს, ამაზე ჩემი პოზიცია იქნება მკვეთრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გუბაზ სანიკიძესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც მელიამ აღნიშნა, დღეს უმთავრესია, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს.

„მგონი ვერ აცნობიერებთ, რა მოვლენის მომსწრენი გახდით დღეს აქ, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. მე ვარ ყველა იმ ადამიანის მტერი, ვინც ეცდება, რომ ეს უნიკალური ერთობა ჩრდილქვეშ დააყენოს. ნებისმიერი პოლიტიკოსის რიტორიკა თუ არ ემსახურება ერთობის კიდევ უფრო შედუღაბებას, პოზიცია ჩემი იქნება მკვეთრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ვინც კი დღეს ქართულ პოლიტიკაშია, იქნება მოწადინებული, რომ ეს ერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.