ნიკა მელია - ყოველი დღე არის პროტესტი, ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, ამ პროტესტში ხალხი არის თვეების განმავლობაში და 31 მარტიც ვერ იქნება გამონაკლისი
პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მელიას თქმით, პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით.
„ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არის დროდადრო შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში. მე ხშირად არ დავდივარ აქ, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს აქ ვარ და ეს საკითხები აქტუალური არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს განვითარებას. ვფიქრობ, ნორმალური პროცესია, რომელიც აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება და არადემოკრატიულის ამოშანთვა საერთოდ ყოველდღიური ცხოვრებიდან ამ ქვეყანაში. ყოველი დღე არის 31 მარტი, ყოველი დღე არის პროტესტი, ყოველი დღე არის ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რაც არ უნდა საწინააღმდეგო აზრს გიპირისპირებდეს ხელისუფლება, ამ პროტესტში არის ხალხი თვეების განმავლობაში და 31 მარტიც ვერ იქნება გამონაკლისი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.